"ბ. ბეგლარ მოგახსენებთ რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სურვილი მაქვს გურიის ქუჩაზე ყოფილი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, აღნაგობის ფულებით ავიღო 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი 35 წლით სადაც მოვაწყოფ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სავაჭრო ობიექტს. რომელშიც დაცული იქნება კანონით დადგენილი სანიტარულ პირობები. გთხოვთ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზისა და სქემატური გეგმის მიხედვით პირდაპირი წესით გამიფორმოთ სასყიდიანი აღნაგობ ხელშეკრულება“ _ ამ წერილით (წერილი სტილის სრული დაცვითაა) ითხოვს მოქალაქე გოჩა სალუქვაძე ქალაქ ოზურგეთის მერიდან ფართის მიღებას.
აღნიშნული წერილი მერიის კანცელარიას მიმდინარე წლის 14 იანვარს აქვს გატარებული.
მერმა საკრებულოს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით უფლების მიცემის თაობაზე გასულ თვეში მიმართა. 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე ამ საკითხს ხმაური მოჰყვა:
_ "რა გადაწვეტილებას იღებთ, ომს უცხადებთ ვინმეს? ნუ გააკეთებთ იმ ბაზარს და იყოს ისე! არ არის ეს თქვენი პრეროგატივა, ბატონებო! თქვენ თუ გინდათ ქალაქის აშენება, ასე არ გამოვა, რა! მე უნდა მოვაწესრიგო ქალაქი და მომეცით ამის საშუალება! ღმერთით, მომეცა იმის საშუალება, რომ მოვაწესრიგო ეს ქალაქი. ძალიან გთხოვთ, მომეცით ამის საშუალება! ხელს ნუ შემიშლით! დაგანახებთ, აქედან ერთ წელიწადში რასაც ვიზამ!“ _ მიმართა ბეგლარ სიორიძემ დეპუტატებს, თუმცა, საკითხი მაინც ვერ გაიტანა _ დეპუტატებმა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
საკითხის ჩაგდებიდან ერთ კვირაში _ 2 მარტს, საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი სიორიძემ კიდევ ერთხელ შეიტანა.
ის, რაც ერთი კვირის წინ დეპუტატთა უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო, მისაღები აღმოჩნდა ერთი კვირის შემდეგ.
ნინო ტაბატაძემ (პარტია "საქართველოს გზის" წევრი) და ირინა საჯაიამ (პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) არცთუ ისე დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ბეგლარ სიორიძის ინიციატივას მხარი დაუჭირეს და კოლეგები ზეწოლაზეც აალაპარაკეს.
ტაბატაძემ და საჯაიამ ზეწოლა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, თუმცა, საჯაიას ეს "დამოუკიდებლობა" ძვირად დაუჯდა. მან საკრებულოს მანდატი დღეს დათმო. როგორც პარტიაში განმარტეს, საჯაია თავის შეცდომას მიხვდა:
_ "ნაციონალური მოძრაობა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქალაქის და ქვეყნის წინაშე და ყოველგვარი ზედმეტი კომენტარების გარეშე გაცნობებთ, რომ ქალბატონმა ირინე საჯაიამ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება დატოვოს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრის მანდატი და გააგრძელოს აქტიური პოლიტიკური საქმიანობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციაში."_ აღნიშნეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ასეა თუ ისე, მერის ინიციატივა გასულია მალე, გოჩა სალუქვაძე ქალაქის ცენტრში 160 კვ.მ მიწის ნაკვეთს 35 წლიანი იჯარით მიიღებს და როგორც მისი წერილიდან ირკვევა ახალ ბაზარს ააშენებს. თუმცა, როგორც გურია ნიუსმა გაარკვია, მას ამისთვის საჭირო თანხები ჯერ არა აქვს. უფრო მეტიც, სალუქვაძე არც ბიზნესმენია და ამ დრომდე, როგორც გვითხრა ბაზრის ასაშენებელი ფული ბანკიდან უნდა ისესხოს:
_ არაფერი ბიზნესი მე არ მაქ. მაქ რაღაც ჩემი პატარა ბიზნესი, რომლითაც ოჯახს ვარჩენ.
_თუკი ბიზნესი არ გაქვთ, შესაბამისად არც ფული, როგორ აპირებთ ოზურგეთის ცენტრში ახალი ბაზრის აშენებას?
_ ეგ სესხით. სესხი უნდა ავიღო.
_ აწი უნდა აიღოთ?
_ რათქმაუნდა და გათვლილი უნდა იყოს ყველაფერი. მაქ რამდენი იქნება მერიაში გადასახდელი.
_ რომ არ მოგცენ?
_ სესხს მე როგორ არ მომცემენ. მომცემენ სესხს.
_ იმ რაოდენობის სესხს, რომ თანამდეროვე სტანდარტების ბაზარი ააშენოთ?
_ რათქმაუნდა.
_ რა გაძლევთ ამაში დარწმუნების საშუალებას?
_ სხვა პროექტები გამიკეთებია და ვიცი რასაც გავაკეთებ. მე ბანკში ვმუშაობდი და არა მაქვს ამის პრობლემა.
_ კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ _ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თქვენ ბიზნესმენი ხართ სწორი არ არის?
_ მე ჩემ მეგობართან ერთად ვაკეთებ ბიზნესს.
_ ვინ არის?
_ ვერ გეტყვით. ეგებ იმას არ უნდა და რა აუცილებლობაა ამის. საერთოდ, ვერ ვხდები ეს ხალხი რამ გადარია და რატომ დაინტერესდნენ. მოტიტვლებულ ადგილზე, არავის რომ არაფერში სჭირდებოდა, ვიფიქრე, რომ ქალაქისთვის ხეირიან რამეს გავაკეთებდი და…
_ ბატონო გოჩა, საკითხის საკრებულოზე გატანას დიდი ხმაური მოჰყვა… მართალია, გუშინ სურვილი აისრულეთ, თუმცა, ამით თქვენს მიმართ ინტერესი არ ქრება… პირიქით…
_ რამეს ვანგრევ თუ რა? რაც ახლა არის ის მოგწონთ?
_ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ… საკრებულოზე ითქვა, რომ ბიზნესმენი ხართ, თქვენ მეუბნებით, რომ ასე არ არის, ბიზნეს მეგობართან აკეთებთ და ახლაც სესხი უნდა აიღოთ ბაზრის გასაკეთებლად. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, რომ ეჭვებს ბადებს… სხვათაშორის ითქვა, რომ ბიზნეს მერთან _ ბეგლარ სიორიძესთან ერთად აკეთებდით… უფრო დაზუსტებით კი სოფელ გურიანთაში, სიორიძის კუთვნილი სათბურის მეწილე ხართ…
_ არასდროს არ ვყოფილვარ არავითარ ბიზნესში ბეგისთან. მასთა საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, თუმცა, ვიცი, რომ თავად საქმიანია.
სალუქვაძე ამბობს, რომ ყველა ბიზნესი სესხით კეთდება და ამაში უცნაური არაფერია:
_ ვაპირებ რობ ბაზარი მოწესრიგდეს და თუ არ უნდათ კარგად იყვნენ. იმ დონეზე შემაწუხეს, რომ დიდად აღარ მინდა.
_ უკვე ხომ მოგცეს…
_ კი მაძლევენ, მაგრამ ვიღაცა ეგონება, რომ მილიარდის ქონებას ვიგდებ ხელში. ათასი პირობებია. რა ატეხეს ამბები არ მესმის. მაქ ქვეყნის ფული მაქ დასახარჯი. ჩემი რისკის ფაქტორებია, ბიუჯეტში თანხები უნდა გადაიხადო, სესხის პროცენტებია, არც ის ვიცი იჯარისთვის რა უნდა გადავიხადო. რას ყვიროდნენ, ან თუ რამე აინტერესებდათ დაეძახათ ჩემთვის საკრებულოზე. აუქციონზე უნდა გაიყიდოსო _ რა მნიშვნელობა აქვს, _ ამბობს სალუქვაძე.
ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული სალუქვაძეს აღნიშნული ფართი იჯარით არ გადაეცეს:
_ ბატონო ბეგლარ, როგორც გვითხრეს, გოჩა სალუქვაძე თქვენი ბიზნეს პარტნიორია… უფრო დაზუსტებით კი სათბურის მეწილეა…
_ ტყუილია.
_ თუ წარმოგიდგინათ მან ბიზნეს გეგმა, როგორ აპირებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მიწის გადაცემის შემთხვევაში მოუწევს?
_ გოჩა სალუქვაძეს ჯერ პირობები უნდა შევთავაზოთ, როგორიც ჯერ არ შეუთავაზებიათ არავისთვის ოზურგეთში და ჩალის ფასად არ ვაპირებთ იჯარის გაცემას. შეიძლება პირობები მისთვის მისაღები არ იყვეს და საერთოდ უარი განაცხადოს. არც ეგ არ არის გამორიცხული.
_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია რომ მას ბაზრის გასაკეთებელი თანხა არ გააჩნია?
_ არა. თვითონ მას თანხა აქვს და გააკეთებს გოჩა სალუქვაძე. ოღონდ პირობები უნდა იყოს მისაღები. თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომ თანხა არა აქვს?
_ დიახ. ეს მან დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ სესხი აწი უნდა აიღოს…
_ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს აწი აიღებს სესხს თუ სახლს გაყიდის.
_ გარანტია იმისა, რომ ვალდებულებების აღების შემთხვევაში ყველა პირობას შეასრულებს რა გაქვთ?
_ ჯერ უნდა მოხდეს შეფასება აუდიტის მიერ და ამის შემდეგ ჩვენ მას წავუყენებთ იმ პირობებს, რა პირობითაც გავცემთ იჯარით აღნიშნულ ნაკვეთს. ამის მერე, თქვენ არ ინერვიულოთ, გოჩა სალუქვაძეს არავინ არაფერს არ დააკლებს, გადასახადს ვგულისხმობ რათქმაუნდა. თუ იქნება მისთვის მისაღები ეს პირობები შემდეგ მოვთხოვთ ბიზნესს გეგმას, პროექტს და ა.შ. რომელიც შეთანხმდება ქალაქის მერიასთან.