საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში" „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოადგილეებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა და ახალი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო მოადგილედ – საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი კოკა კაციტაძე წარადგინა.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. დაკომპლექტების პროცესში გათვალისწინებული იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება.
გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მუშაობას უკვე შეუდგა.