შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გიორგი ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1976 წელს დაბადებული ზურაბ ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, გიორგი ზ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული იარაღი ზურაბ ა-მ გიორგი ზ-ს შესანახად გადასცა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება გიორგი ზ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო ზურაბ ა-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).