1959 წლამდე, ანუ რევოლუციამდე დაბადებულ კუბელებს და 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, საშუალება ჰქონდათ ყოველთვიურად სპეციალური წიგნაკებით, სულ რამდენიმე პესოდ შეეძინათ მსოფლიოში სახელგანთქმული კუბური სიგარები. კუბური პრესის ინფორმაციით, „პუროსი“, ცნობილი ჰავანური სიგარა – ამიერიდან სახელმწიფო მაღაზიებში აღარ გაიყიდება.
ფიდელ კასტროს ძმის, რაულ კასტროს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განსაკუთრებულ სუბსიდირებას ბოლო მოუღოს. კასტრო ამას ლოგიკურად ხსნის: სიგარა არ არის პირველადი მოხმარების საგანი და მისი ყიდვა სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს. „პუროსის“ მოყვარულებს შეუძლიათ მისი შეძენა, ოღონდ უკვე საბაზრო ფასად“.
როგორც ჩანს, კუბის ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც აპირებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას. საინტერესოა, რომ შეღავათების წიგნაკიდან უკვე ამოიღეს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: კარტოფილი და ცერცვი. სამაგიეროდ, ფიდელის წიგნაკით კვლავ შეიძლება ბრინჯის, ყავის, კვერცხის, ქათმისა და პურის ყიდვა. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ დოტაციებს კიდევ უფრო შეამცირებს.
ჰავანური სიგარა, რომელსაც პროვინცია პინარ დე რიოში მოყვანილი თამბაქოთი ამზადებენ, მსოფლიოში საუკეთესოა და საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. აქამდე ხელისუფლება ყველაზე ღარიბ მოქალაქეებსაც აძლევდა სიგარის მოწევის საშუალებას, თუმცა მიხვდა, რომ ეს ზედმეტი ფუფუნებაა.
კუბური სიგარის მწარმოებელი ქარხნის, „ჰაბანოს“ ნახევარი კუბის სახელმწიფოს ეკუთვნის, მეორე ნახევარი კი ბრიტანულ კომპანია „ემპერიალ ტობაკოს“. გასულ წელს ამ კომპანიის შემოსავალი 360 მილიონი დოლარი იყო.