მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხვნის სამუშაოების განსახორციელებლად 83 ერთეული ტექნიკა დასავლეთ საქართველოში გადადის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები დასავლეთ საქართველოშიც იწყება. შპს „მექანიზატორს“, რომელიც საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს, 14 აპრილიდან ტექნიკა სამეგრელოსა და იმერეთში გადაჰყავს.
დასავლეთ საქართველოში შპს „მექანიზატორის“ ქარელისა და კასპის სერვისცენტრების ბრიგადების 30 ერთეული და მარნეულის, ბოლნისის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის ბრიგადების 53 ერთეული ტექნიკა გადავა.
ტექნიკის დამატებითი ერთეულები შევა: სამეგრელოში (27 ერთეული) – ზუგდიდის რაიონი, სოფელი ურთა (6), ჩხოროწყუ, ახუთი (5), მარტვილი (6), სენაკი, ძველი სენაკი (10); იმერეთში (56 ერთეული) – სამტრედია, გომი (6), ნაბაკევი (5), ვანი (5), ზეინდარი (5), წყალტუბო, მაღლაკი (8), ფარცხანაყანები (9), ხონი, დედალაური (8), ჭიათურა (5), კაცხი, ტყიბული, ხრესილი (5).
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. პროგრამის ბენეფიციარი წელს 800 ათასი მცირე ფერმერია და 14 აპრილის მდგომარეობით, 39 000 ჰა მიწის ფართობია დამუშავებული.