ტრადიციულად 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ყოველ წელს ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. თუმცა, სამწუხაროდ, წელს ეს თარიღი ლანჩხუთში არავის გახსენებია და არც საზეიმოდ აღუნიშნავთ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, იყო თუ არა რაიმე სახის ღონისძიება ლანჩხუთში დაგეგმილი დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩვენ მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ვახტანგ ზენაიშვილს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, თავადაც არ ფლობს ინფორმაციას მუნიციპალიტეტში იგეგმება თუ არა რაიმე სახის ღონისძიება ამ დღესთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჩიტაძის ინფორმაციით დედაენის დღესთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ დაგეგმილა.
„რაც შეეხება სკოლებს, ალბათ, ზოგიერთი მათგანი ხვალ აღნიშნავს ამ თარიღს“.
ცნობისთვის, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო თბილისის ქუჩებში და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ამ დღეს, 37 წლის წინ 100 000 -მდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტები და ინტელიგენციის წარმომადგენლები, შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში აიძულა კომუნისტური რეჟიმი უკან დაეხია.