სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ძიმისტარაშვილი ოფიციალურ განცხადებას ავრეცელებს:
"მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს გავაკეთე განცხადება ფრაქცია " პატრიოტთა ალიანსიდან" გამოსვლის შესახებ.
ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ამ ფრაქციის წევრები ნინო ტაბატაძე და ნანული ორაგველიძე ბღალავდნენ პოლიტიკური ორგანიზაცია "პატრიოტთა ალიანსის" ინტერესებს, რადგანაც სისტემატიურად მხარს უჭერდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, ესეიგი "აპრავებდნენ" ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ყოვლად უსამართლო გადაწყვეტილებებს, სულ რაღაც ერთ დღეში ზემოთ დასახელებულმა პირებმა დეპუტატ ირინა საჯაიასთან ერთად რომელიც, არის ყოფილი ნაციონალი, შექმნეს ახალი ფრაქცია "ოზურგეთი ჩვენი სახლია", რითაც უტყუარად დადასტურდა ჩემი ვარაუდი მათი გადაბირების შესახებ. ფრაქციას კი სათავეში ჩაუყენეს პოლიტიკური გვამი ნანული ორაგველიძე.
დღეს ბიუროს სხდომაზე ნინო ტაბატაძემ, ნანული ორაგველიძემ და ნინო გოგუაძემ, შემოიტანეს განცხადება, რომლითაც ითხოვენ ჩემს გადაყენებას სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეობიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი, ესეიგი ადგილობრივ ხელისუფლებას სურს თავიდან მოიცილოს მისთვის არასასურველი პიროვნება. ბუნებრივია, ესენი ამით მე ვერ შემაშინებენ, მართალია ვერ ვიქნები კომისიის თავმჯდომარე, თუმცა ვრჩები დეპუტატად.
ძვირფასო ოზურგეთელებო! მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ და შეგახსენოთ, რომ ჩემი სახით თქვენ გყავთ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში თქვენი ინტერესების გამტარებელი ადამიანი და სანამ შემეძლება მე ყოველთვის სულითა და გულით თქვენთან ვიქნები", _აღნიშნავს დეპუტატი.
"გურია ნიუსი„ დაუკავშირდა საკრებულოს დეპუტატს ნანული ორაგველიძეს, რომელმაც გაგვიცხადა, რომ ძალიან აღელვებული იყო და სხვა კომენტარს ვერ გააკეთებდა.
"ძალიან აღელვებული ვარ, დაველოდოთ მოვლენებს, როგორ განვითარდება ორშაბათს, საკრებულოს სხდომაზე"- გვითხრა ორაგველიძემ.