სოფელ ახალდაბაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებში შეასახლეს. შესახლების პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.
27 დაზარალებული სამთავრობო აგარაკზე კომფორტულ შენობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საცხოვრებელი პირობებით და საკვებით. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ არის შესაძლებელი რამდენიმე ადამიანის აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსება. ისინი წყნეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრამდე დარჩებიან. პირველადი მოხმარების ნივთებით დაზარალებულები თბილისის მერიამ, ეკონომიკის სამინისტრომ და აქტივებისა და მართვის განვითარების კომპანიამ (წყნეთის სამთავრობო აგარაკები) უზრუნველყო.
თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტიქიით დაზარალებულ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ნორმალური საცხოვრებელი პირობები.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ და მისმა პარტნიორებმა გააკეთეს. ბავშვებმა გუშინდელი ღამე საოჯახო ტიპის სასტუმროში გაატარეს, მაგრამ დღეიდან მათ უკეთესი პირობები ექნებათ. ახალდაბაში მათ სახლამდე მისასვლელი გზები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და აღსადგენია, მოსაწესრიგებელია სახლები. ამიტომ, გარკვეული პერიოდი მათ აქ მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში მოუწევთ ყოფნა, სადაც უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებითა და ყველანაირი პირობებით“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.