_ძალიან გთხოვთ, ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას _ ივლიტა ჯიბუტი არ არის გარდაცვლილთა სიაში. გუშინს შემდეგ მას ყველა ეძებს _ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 24 დაკარგულიდან 14 ცოცხალი იპოვეს, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბარში ივლიტას ახლობლები.
ივლიტა ჯიბუტი მამა გიორგის მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. გამორჩეული მოსწავლის, არაჩვეულებრივი გოგონას შესახებ ჩვენი გაზეთის არქივს ბევრი მასალა ინახება.
განსაკუთრებულია წერილი სათაურით – „ჩვენ გავმრავლდებით და ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა“, რომელიც “გურია ნიუსის“ 2010 წლის 27 მაისის ნომერში, ივლიტა ჯიბუტის და დავით სიხარულიძის სიყვარულისა და საოცარი ქორწილის შესახებაა:
“2010 წლის 23 ვარდობისთვეს, სულთმოფენობის დღეს, დედა ეკლესიის წიაღში, ჯვარი დაიწერეს მხევალმა ღვთისამ _ ივლიტამ დ მონამ ღვთისამ _ დავითმა.
ეს ულამაზესი წყვილი ორი წლის წინ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით შეხვდნენ და…
ხვდებოდნენ ჩუმად, მალულად, სარკმლიდან უცქერდნენ დამეგობრებული ვარსკვლავებით მოჩითულ ზეცას და ცის თაღზე იწერებოდა _„მიყვარხარ!“ _ ვკითხულობთ გაზეთის არქივში.
დრომ საიდუმლო გაამხილა და პატარა ბარათმა გაზეთის ფურცლებიდან, ივლიტასა და დათოს საქორწილო მოსაწვევმა ქვეყნას ბედნიერი წყვილის ჯვრისწერის თარიღი ამცნო.
ასე ზეიმით და ბედნიერებით, 18 წლის ივლიტა _ მაშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და 21 წლის დავით რაფიელის ძე სიხარულიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, შეუღლდნენ.
13 ივნისის ღამეს ივლიტა ჯიბუტი წყლის ნაკადმა გაიტაცა.
_ არსებობს იმედი, რომ ივლიტა ცოცხალია. გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ამ იმედს, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბარში ივლიტას ახლობლები.
"გურია ნიუსი" გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ივლიტა ჯიბუტის შესახებ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 551373636; 599375373; 577725854.