ოპოზიციამ განაახლა ხელისუფლებაზე ზეწოლა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა „დემოკრატიული მოძრაობიდან“ გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ მათ 2 კვირიანი ტაიმაუტი აიღეს სტიქიის გამო და შეაჩერეს კონსულტაციები, თუმცა მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტიქია ხელისუფლებისათვის მუდმივად მაშველი რგოლი იქნება.
„დღეს ინტერპარტიული ჯგუფის სხდომაზე გადაწყდა, რომ განახლდეს ხელისუფლების მიმართ იძულებითი ფორმების გამოყენება, რაც გულისხმობს პარლამენტის და საკრებულოების სხდომების ბოიკოტირებას, ასევე მზადება შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისათვის“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მისი თქმით, სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე მომწერი სუბიექტები გამოიყენებენ კანონით მონიჭებულ ყველა შესაძლებლობას ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაგრძელებლად, რათა "ქართული ოცნება" დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მაღალი პოლიტიკური კონსესუსით იქნას მიღებული საარჩევნო სისტემის ცვლილების გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ მიმართა პარლამენტს ინიციატივით, დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებები და დღეს არსებული ერთმანდატიანი მაჟორირტარული ოლქები შეიცვალოს სამხარეო პროპორციული საარჩევნო სისტემით.