წყალდიდობა, რომელიც სოჭს დაატყდა თავს 25 ივნისს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. მეტეოროლოგები შტორმული საფრთხის შესახებ აფრთხილებენ მოსახლეობას. ციკლონი, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია, რუსეთის ცენტრალური ნაწილისაკენ გადაინაცვლებს. ხანგრძლივ და ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ მოსკოვშიც.
ამასთან, მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ავდარი სოჭში ივლისის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია ასევე მეწყრული მოვლენები.
ამ დროისთვის სოჭში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი. აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია.
სტიქია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასაც შეეხო. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დაბა ლესელიძეში, რომელიც წყალდიდობამ საგრძნობლად დააზარალა.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ძლიერი წვიმა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.