ჩინეთის სამხედრო ძალებს 300 000 ჯარისკაცი დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე, ჩინეთის პრეზიდენტმა ქსი ჯინფინგმა განაცხადა, რომ ჯარის რაოდენობას 300 000-ით შეამცირებს.
როგორც ცნობილია, ჩინეთის მზარდმა შეიარაღებულმა სამხედრო ძალებმა და განსაკუთრებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ სადაო საკითხებმა, ვაშინგტონის მიერ ჩინეთის გაკრიტიკება გამოიწვია.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ, განიხილეს სამხედრო რაციონალიზაციის გეგმები, რომელიც საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებისთვის მაღალტექნოლოგიური იარაღის შეძენას ითვალისწინებს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ სამხედრო ძალის შემცირება 2017 წლის ბოლოს დასრულდება.
„ცრურწმენას და დისკრიმინაციას, სიძულვილს და ომს მხოლოდ კატასტროფული ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ჩინეთი ყოველთვის მზადაა მშვიდობიანი გზის განვითარება დაიცვას,“ _ განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთში 1980 წლიდან დღემდე სამხედრო ძალები სამჯერ შეამცირეს.