"ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რაც გულისხმობს მეფუტკრეობის განვითარებას კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით", _ განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მეფუტკრე სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და საწარმოო პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა.
„მეფუტკრეობა ის დარგია, რომლის ხელშეწყობა ნულიდან გვიწევს, რადგან მორღვეულია ყველა ინფრასტრუქტურა რაც ოდესმე არსებობდა ამ მიმართულებით. პირველ რიგში დავიწყეთ საფუძვლით–სამეცნიერო–კვლევითი მიმართულებით, რაც გულისხმობს მუხურში საველე სადგურის აღდგენას. სადგური წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. უკვე შევიძინეთ რამდენიმე სკა ძალიან იშვიათი ქართული ფუტკრის ჯიშისა. დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 164 კოოპერატივის ხელშეწყობას, მათ შორის 80 გახლავთ მაღალმთიან რეგიონში,“–აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, პროექტის ფარგლებში დაწესებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებული კოოპერატივებისთვის უზრუნველყოფს სკების შეძენას და მათ ტექნიკურ მხარდაჭერას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რთველის მიმდინარეობითაც დაინტერესდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, შექმნილია შტაბი და საკოორდინაციო ჯგუფი.
"რამდენიმე ქარხანამ რთველი პრინციპში დაიწყო და დღე-დღეზე ველოდებით, რომ დაიწყება მთელ რეგიონში. შტაბი შექმნილია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ასევე არის საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები", – განაცხადა ოთარ დანელიამ.