"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, პიროვნება, რომელმაც რამდენიმე თვის საქართველოდან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია გაიტანა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერაა დაკავებული.
დეპუტატის თქმით, ცნობილი ამ პიროვნების ვინაობაც, ის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილია.
"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია და ინფორმაციით საქართველოს საზღვრები ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით დატოვა. თუმცა, მაშინ ფაქტი შსს-მ უარყო. შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ამ პიროვნებისა და საქმის დეტალების დადგენა – ის არის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილი, რომელიც წარმოშობით თელავიდანაა. თავის დროზე თანამდებობაზე ამ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების, ქართველიშვილის და ბათიაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.
მან მოახერხა უკანონო წვდომა და ანალიტიკური დეპარტამენტიდან ინფორმაცია სრული კანონდარღვევით მოიპოვა. აქ საუბარი ინფორმაციაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, პერსონალიებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეხება და ძალიან დეტალიზებულია.
ის მიადგა საოკუპაციო საზღვარს ცხინვალის მიმართულებით. საგულისხმოა, რომ საზღვარზე გადასვლა ძალადობრივი გზით მოახერხა. მესაზღვრეს უთხრა, რომ კონკრეტულ ღონისძიებაზე გადადიოდა, თუმცა მაინც არ გადაატარეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით, მესაზღვრესთან ერთად გადავიდა, იქ კი მას შეირაღებული პირები დახვდნენ და ასეთი გზით დატოვა ტერიტორია.
საინტერესოდ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით 2 სექტემბერს, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადმოაგდეს ეს პიროვნება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიატოვეს. ის იყო ნაცემი. ამჟამად ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჰყავს დაკავებული", _ განაცხადა გივი თარგამაძემ და შსს-ს მოუწოდა უპასუხოს კითხვებს – როგორ მოახერხა მან ინფორმაციაზე წვდომა და მისი ქვეყნიდან გატანა, ასევე დაისაჯნენ თუ არა შესაბამისი პირები.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
უწყების პოზიციას მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.