სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავიანთი თანამშრომლის გია არდაზიშვილის საკავებას ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, არდაზიშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული.
"სუს-ის კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავა ინსპექტორი გია არდაზიშვილი. სსკ-ს 180-ე 236-ის მესამე ნაწილით, 237-ის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლით. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან რაიმე სახის ინფორმაცია გაიტანა სამსახურიდან სიმართლეს არ შეესაბამება", _ განუცხადეს "გურია ნიუსს" უწყებაში.
კითხვაზე – არის თუ არა არდაზიშვილი ნაცემი, ამაზე სუს-ში კომენტარს არ აკეტებენ .
"მხოლოდ ეს ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, რაც გითხარით. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ კონტრდაზვერვის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გივი თარგამაძემ გამოაქვეყნა.
მისი თქმით, არდაზიშვილმა უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, საქართველოს საზღვარზე გაიტანა.
"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია და ინფორმაციით საქართველოს საზღვრები ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით დატოვა. თუმცა, მაშინ ფაქტი შსს-მ უარყო. შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ამ პიროვნებისა და საქმის დეტალების დადგენა – ის არის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილი, რომელიც წარმოშობით თელავიდანაა. თავის დროზე თანამდებობაზე ამ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების, ქართველიშვილის და ბათიაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.
ის მიადგა საოკუპაციო საზღვარს ცხინვალის მიმართულებით. საგულისხმოა, რომ საზღვარზე გადასვლა ძალადობრივი გზით მოახერხა. მესაზღვრეს უთხრა, რომ კონკრეტულ ღონისძიებაზე გადადიოდა, თუმცა მაინც არ გადაატარეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით, მესაზღვრესთან ერთად გადავიდა, იქ კი მას შეირაღებული პირები დახვდნენ და ასეთი გზით დატოვა ტერიტორია.
საინტერესოდ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით 2 სექტემბერს, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადმოაგდეს ეს პიროვნება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიატოვეს. ის იყო ნაცემი. ამჟამად ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჰყავს დაკავებული", _ განაცხადა გივი თარგამაძემ
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი თაღლითობისთვის პასუხისგებას ითვალისწინებს, რაც 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
რაც შეეხება 236-ე მუხლს, რომლითაც არდაზიშვილს ბრალი აქვს წაყენებული – ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაა (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე).
სსკ-ს 237-ე მუხლის მესამე ნაწილი კი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაა მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ითვალისწინებს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.