სკანდალურად გრძელდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები გურიის ფეხბურთის ფედერაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ლანჩხუთის სტადიონის ერთ-ერთი თანამშრომელი შოთა პატარაია.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბენია თავბერიძე და გამგეობის წევრები: იური ჩხაიძე, გრიშა თოდრია, მერაბ ვანიძე და ჯამბულ კუტალაძე ორჯერ გეგმავდნენ გამგეობის სხდომის ჩატარებას, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად მომავალ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით წარდგენილი გოჩა ტყებუჩავას სხვა, მათთვის მისაღები კანდიდატურით ჩანაცვლება იგეგმებობა, თუმცა, დაანონსებული შეხვედრა ორჯერვე ჩაიშალა.
პირველად გამგეობის წევრები ლანჩხუთში, ფედერაციის ოფისთან გამოცხადნენ, მაგრამ რადგან კახა ებრალიძე ადგილზე არ იმყოფებოდა, უკანვე გაბრუნდნენ, თუ ებრალიძე არ არის, ტყუილად ოფისში რა გვესაქმება, დასათვალიერებლად კი არ მოვსულვართო. მეორე დღეს კი წინასწარ დაანონსებულ შეხვედრაზე ფედერაციის ოფისში გამგეობის არცერთი წევრი არ გამოცხადდებულა. როგორც მაშინ "გურია ნიუსთან" საუბარში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბენია თავბერიძემ განაცხადა, გზაში იმყოფებოდნენ, როცა შეატყობინეს, რომ ლანჩხუთში არ ჩასულიყვნენ, რადგან ადგილზე უმართავი სიტუაციააო.
გამგეობის წევრებმა ლანჩხუთში შეკრება ვერ მოახერხეს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზე გოჩა ტყებუჩავას მაგივრად იური ჩხაიძის კანდიდატურით ჩანაცვლების გადაწყვეტილება ოზურგეთში მაინც მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ შოთა პატარაის მიერ გრიშა თოდრიასთან განხორციელებული სატელეფონი ზარის შემდეგ თქვეს უარი ლანჩხუთში ჩამოსვლაზე ფედერაციის გამგეობის წევრებმა და სწორედ ეს სატელეფონო კავშირი გახდა პატარაიას სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე დაბარების საფუძველი.
გრიშა თოდრიასთან სატელეფონო ზარის განხორციელებასა და ამ სატელეფონო საუბრის გამო პოლიციაში დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ჩვენთან საუბარში ადასტურებს თავად შოთა პატარაია.
"მე მართლაც მქონდა გრიშა თოდრიასთან სატელეფონო საუბარი და ჩვენი საუბრის თემაც გურიის ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენები იყო. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია, მე და გრიშა დიდი ხნის მეგობრები ვართ, საუბარიც მეგობრული გვქონდა. პოლიციაშიც სწორედ ამ სატელეფონო ზარის გამო დამიბარეს დაკითხვაზე.
აბსურდია, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე გრიშას შუბლის გახვრეტით დავემუქრე და ამ საქმეში ჩემი მძახალი ამირან ებრალიძეცაა გარეული"- აცხადებს პატარაია.
ამ თემასთან დაკავშირებით ბატონ გრიშა თოდრიას კომენტარმაც დაგვაინტერესა, თუმცა, მისი ტელეფონი დილიდანვე მიუწვდომელია.