დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელმაც უკანონოდ ცნო გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილება, ფედერაციის მომავალ ყრილობაზე დელეგატად იური ჩხაიძის წარდგენის შესახებ. შესაბამისად, ძალაში დარჩა გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურა, რომელიც გრფფ–ის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ თავის დროზე წარადგინა.
ფედერაციის აღმასკომის მიერ დაწუნებული გადაწყვეტილება გასულ ხუთშაბათს გრფფ–ის აღმასკომის წევრებმა ბენია თავბერიძემ, გრიშა თოდრიამ, მერაბ ბენიძემ, იური ჩხაიძემ და ჯამბულ კუტალაძემ ისე მიიღეს, რომ სხდომას არ ესწრებოდა ფედერაციის თავკაცი კახა ებრალიძე. დებულებით კი მისი ყოფნა იყო აუცილებელი აღმასკომის სხდომაზე და შესაბამისად, მის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია.– აცხადებენ სფფ–ში.
"მე დავამტკიცე ჩემი სიმართლე და შესაბამისად, აღმასკომმა ეს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. გარდა იმისა, რომ მე არ ვესწრებოდი სხდომას, არ იყო გადაწყვეტილების მიმღები ხმების რაოდენობა. რადგან აღმასკომის 6 წევრის (ორი მესამედი) ხმა იყო საჭირო გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურის შესაცვლელად."– აცხადებს კახა ებრალიძე.
სხვათაშორის, ოთხმა სუბიექტმა დელეგატის შეცვლა გადაწყვიტა, აქედან სამმა რეგიონულმა ფედერაციამ. კახეთს არჩევნებზე თენგიზ სულაქველიძე წარმოადგენს, სამცხე–ჯავახეთს ხვიჩა ქასრაშვილი, ხოლო სამხრეთ ოსეთს– გიორგი აღდგომელაშვილი. რაც შეეხება ეზოს ფეხბურთის ასოციაციას, მის დელეგატად ყრილობაზე ირაკლი ნაკაიძე იქნება.