ვებგვერდ "ამერიკის ხმის"ინფორმაციით, ამ დღეებში თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ- მარიოტში სიღარიბის შესახებ კონფერენცია გაიმართა, ჯანდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მონაწილეობით.
კონფერენციას სახელწოდებით "სიღარიბე საქართველოში – თავისებურებები, გამომწვევი მიზეზები და რეაგირება" წამყვანი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ქეა მასპინძლობდა.
ქეას პროგრამების მენეჯერის გიორგი ღლონტის თქმით,განსხვავებით წინა წლებისგან, როცა ხანდაზმული, საარსებო წყაროს არმქონე, მაგრამ ტელევიზორის და მაცივრის მფლობელი ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში ვერ ხვდებოდნენ და შესაბამისად დახმარებასაც ვერ ღებულობდნენ, ახლა ეს კრიტერიუმები შეიცვალა..
"ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის, შესამჩნევი ეკონომიკური განვითარების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბეში ცხოვრობს, ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები, ბავშვთა მეოთხედზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში", _ აღნიშნა კონფერენციაზე გაეროს ბაშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში როლანდ მონაშმა.
რამდენი ღარიბია საქართველოში? სიღარიბის გამომწვევ მიზეზებზე ფონდის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ანალიზის პროექტის ოფიცერი დიმიტრი გუგუშვილი ამბობს:
"რაც შეეხება ღარიბთა რაოდენობას, ეს რაოდენობა დამოკიდებულია,თუ რომელ ზღვარს გამოვიყენებთ. იმ ზღვრის მიხედვით, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს, ეს არის დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი. უკიდურეს სიღარიბეში UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არის მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ი, ანუ დაახლოებით 440 ათასი ადამიანი. რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზები ძალიან ბევრია. ერთ-ერთი არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია სოფლის მეურნეობაში, რომელიც ძალიან დაბალპროდუქტიულია. მოსახლეობის 53 %-ი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გასაღება საკმაოდ რთულია, თვითონ პროდუქტიოლობა არის ძალიან დაბალი. გარდა ამისა, არის დასაქმების პრობლემა ქალაქად.
ოფიციალური მონაცემებით, სამუშაო ძალის დაახლოებით 17 % არის დაუსაქმებელი.