ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი კინორეჟისორი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორითინათინ გურჩიანი ახალი ფილმის გადაღებას გურიაში იწყებს. თინა გურჩიანის თქმით, ფილმი "სატრფიალო. პასტორალი" რეალურ ადამიანებზე იქნება.
"ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრება უნიკალურია, უნიკალურია ჩვენს მიერ განვლილი გზა. სიყვარული და იმედგაცრუება, შეხვედრა და განშორება, ღალატი და ერთგულება… ფილმის გადასაღებად 70 წელს გადაცილებულ ქალბატონებსა და მამაკაცებს ვიწვევ. გურიაში ახალი გმირების შესარჩევად ზეგ ჩამოვდივარ და იმედია, ჩემი მოლოდინები გაამართლებს" – გვითხრა თინა გურჩიანმა.
"გურია ნიუსის" კითხვას, რატომ გადაწყვიტა გურიაში ფილმის გადაღება, თინა გურჩიანმა ასე უპასუხა: "გურიაში იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე ცოცხალი, გახსნილი და იუმორით სავსე მხარეა, თან გული მწყდება, წინა ფილმის გადაღებისას გურიაში ჩამოსვლა ვერ მოვასწარი.– თქვა ჩვენთან საუბრის დროს თინა გურჩიანმა.
თინა გურჩიანი ცნობილი ფილმის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" რეჟისორია.