საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგვლაშვილი ნიუ-იორკს დღეს ეწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
ქვეყნის მთავარსარდალი კონექტიკუტიში სანაპირო დაცვის აკადემიაში (Coast Guards Academy) სიტყვით გამოვა და დაღუპული ქართველი კადეტების სოსო -მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივს მიაგებს.
ნიუ-იორკში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლები საგარეო ურთიერთობათა საბჭოში და ფორდჰეიმის უნივერსიტეტში.
ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში- „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.
ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე "ოლბრაიშ სთოუნბრიჯ გრუფ"-ის ხელმძღვანელს მადლენ ოლბრაითს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლებს. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.
ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.