დღეს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომაზე ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის შერჩევის საკითხი განიხილებოდა. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა საბჭოს ექვსმა წევრმა მიიღო.
ფარული კენჭისყრის შედეგად, ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ნატა ძველიშვილი დაინიშნა. ეს თანამდებობა მანამდე ჟურნალისტ თამარ რუხაძეს ეკავა.
თამარ რუხაძე 2013 წლის აპრილიდან დღემდე იყო ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და მან ქარტიის წევრებთან ერთად არაერთი პროექტი განახორციელა.
ნატა ძველიშვილი 2010 წლიდან 2014 წლამდე იყო ააიპ "ინტერნიუსი საქართველოს" პროექტ www.Media.Ge-ს ჟურნალისტი. 2012 წლიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორი, 2013 წლიდან კი პროექტის "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" კოორდინატორი. 2013 წელს ასევე იყო "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტისა" (Organized Crime and Corruption Reporting Project OCCRP) და IDFI-ს ანალიტიკოსი.
ნატა ძველიშვილს მიღებული აქვს მასკომუნიკაციებისა და მედიის მკვლევრის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ბაკალავრიატიც ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიაში. გარდა ამისა, დაამთავრა რიგაში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლისა და OCCRP-ის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამა "ჟურნალისტიკა მომავალი გამოწვევებისთვის."