არგენტინის ხელისუფლებამ პოპულარული ბრიტანელი ტელეწამყვანის ჯერემი კლარკსონის წინააღმდეგ სასამართლო საქმის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას „The Telegraph“-ი ავრცელებს.
ცნობილი ავტო-შოუს “Top Gear”-ის წამყვანმა და მისმა გადამღებმა ჯგუფმა არგენტინაში ოქტომბრის დასაწყისში იმოგზაურა, რასაც ადგილობრივების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. კლარკსონმა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში სკანდალური ვოიაჟისას ავტომობილის სერია „H982FKL” გამოიყენა, რაც არგენტინელებმა ნაციონალურ შეურაცხყოფად აღიქვეს. ადგილობრივების განმარტებით, ბრიტანელმა ტელეწამყვანმა მათ ქვეყანას შეგნებულად დასცინა და 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულებისთვის ბრძოლაში დიდ ბრიტანეთთან დამარცხებაზე მიანიშნა. კლარკსონის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმებიც განხორციელდა, რა დროსაც პროტესტანტებმა ტელეწამყვანის ჯგუფს და პოლიციას ქვები დაუშინეს. ინციდენტის შედეგად გადამღები ჯგუფის წევრებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
საბრალდებო საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში არგენტინული სასამართლო ჯერემი კლარკსონს სამი წლით პატიმრობას მიუსჯის.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved