საქართველოს პარლამენტის წევრი, თამაზ მეჭიაური „გურია ნიუსთან“ საუბრისას, აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-ს მოდავე კიდევ გამოუჩნდება, რადგან ბევრჯერ მოხდა კომპანიის გადაფორმება სხვადასხვა პირებზე.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად მოგვწონს თუ არ მოგვწონს:
“მიმაჩნია, რომ ეს არის ყოფილ და მოქმედ მოწილეებს შორის დავა და არა მგონია მხოლოდ ამ ორი სუბიექტის დავით დასრულდეს, იმდენჯერ გადაფორმდა უკვე წილები ტელეკომპანიაში, რომ არ გამოვრიცხავ, კიდევ გამოჩნდეს ვინმე, რომელსაც პრეტენზია ექნება“, _ ამბობს მეჭიაური და “რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ პოცესებს პოლიტიზირებულად მიიჩნევს.
“_აქ არის მცდელობა, ცალსახად, რომ მოხდეს პროცესების პოლიტიზირება, როგორმე ჩაითრიონ კიდეც ხელისუფლება ამაში, ასევე არის მცდელობა ჩემი აზრით დაპირისპირებაში გადაზრდის, რომელიც ზოგიერთებს უნდათ რომ გამოიყენონ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადასაყვანად, რასაც ხელს მეტწილად, ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი პრეზიდენტიც უწყობს.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას, მეც არ მომწონს ჩემს მიერ მიღებული ინიცირებული კანონი საფინანსო – ზედამხედველობის სააგენტოს შექმნის შესახებ, როცა უკვე ავირჩიეთ კიდეც ეს საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საბჭოს შეუჩერა კიდეც უფლებამოსილება, ექვსი თვე ვიმუშავეთ ამ კანონზე და სასამართლო უცებ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ იძულებული ვარ დავემორჩილო, შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან პოლიტიზირებული და გამოტანილი იმ პიროვნების მიმართ, რომელიც ფაქტიურად მიშა სააკაშვილის წარმომადგენელია საკონსტიტუციო სასამართლოში, მთელი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული, სხვათა შორის ბინაც მან აჩუქა ბათუმში, მაგრამ ამის გამო რა ვქნათ, ომს ხომ არ დავიწყებთ? მოგვწონს თუ არ მოგვწონს არის გადაწყვეტილება, ყველა ვერ იქნება გიორგი პაპუაშვილი და ყველა ვერ მიიღებს მსგავსს გადაწყვეტილებას, ამიტომაც უნდა ინებოს ყველამ კეთილი და სამართლებრივი გზით გააგრძელოს დავა, მით უმეტესად იმ პიროვნებებმა, ვინც დახელოვნებული იყო სხვისთვის ძალისმიერი მეთოდებით ქონების წართმევაში, თუნდაც იგივე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ, რომლებმაც ფაქტიურად რამდენიმე საათში წაართვა ტელეიმედს მთელი ქონება“, _ აღნიშნა მეჭიაურმა “გურია ნიუსთან“ საუბრისას.