საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს არის საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.
"მე პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, პატივს ვცემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, არ ვერევი მათ საქმიანობაში და ვერ მოვახდენ მათი გადაწყვეტილების რევიზიას, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ბატონი მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება!", _ წერს კობახიძე სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ "კანონით პარლამენტი ვერ ჩაერევა მათ გადაწყვეტილებებში, ეს არის რეალობა!"
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დღეს აირჩიეს. მურუსიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.
მოსამართლეთა არჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
მურუსიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით გასულმა წევრებმა ვახტანგ თოდრიამ, ევა გოცირიძემ და კახა სოფრომაძემ.