საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებს შეხვდა.
ეკა ბესელიამ 50-ზე მეტი პატიმრის საქმე მოისმინა, მათ შორის ირაკლი დოკვაძისაც, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა რაც შიმშილობს.
დოკვაძე საქმის და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადახედვას მოითხოვს. შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ქსანში მოშიმშილე პატიმრის, ირაკლი დოკვაძის საქმეს ამინისტიის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, კომიტეტი გადახედავს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პატიმარი ირაკლი დოკვაძე ქსნის ციხეში 25 დღეზე მეტია რაც შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. დოკვაძე მის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს აპროტესტებს და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას ითხოვს.
„მე საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე მას. დოკვაძის უკმაყოფილება მიმართულია გამოტანილი განაჩენის მიმართ. მიიჩნევს, რომ ეს იყო უკანონო განაჩენი, როდესაც ის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. მიაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ არასამართლიანად განიხილა მისი საქმე, როდესაც განსახილველად არ მიიღო დოკვაძის საქმე. მას მიაჩია, რომ სამართლიანად საქმის განხილვის შემთხვევაში ის შეძლებს საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. მისი მოთხოვნაა სასამართლომ სამართლიანად განსაჯოს მისი საქმე", _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ პატიმარი შიმშილობას შეწყვეტს, თუმცა დოკვაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი ბრძოლას არ შეწყვეტს.
ბესელიას თქმით, ირაკლი დოკვაძე მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლდა და სასჯელს დაახლოებით 2011 წლიდან იხდის. იგი ამ ბრალდების გადახედვას ითხოვს. უზენაესი სასამართლოსგან კი საქმის გადახედვაზე დოკვაძემ უარი მიიღო.
როგორც ირაკლი დოკვაძემ ეკა ბესელიას განუცხადა, მან სარჩელით ევროსასამართლოსაც მიმართა.
„სასამართლო საქმიანობაში პარლამენტი ვერ ჩაერევა და სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას ვერ მოახდენს. მე მას დავპირდი, რომ კომიტეტი შეისწავლის საქმის მასალებს, რომელსაც დაცვის მხარე კომიტეტში გადმოაგზავნის", – აღნიშნა ბესელიამ.