შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ შეუწყნარებელი და შეურიგებელი იქნება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დანაშაული არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია რას უპირისპირებს მას სახელმწიფო. დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას. ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან. მიუხედავად კრიმინალთა მხრიდან პოლიციის მიმართ გაჟრღერებული ინსინუაციებისა, პოლიცია არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს. იგი იმოქმედებს კანონის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულთან. ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციელისადმი, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ვაცხადებ, რომ ბრძოლა დანაშაულთან შეურიგებელი, შეუვალი იქნება და ჩვენ ამ გზაზე აუცილებლად წარმატებულები ვიქნებით", _ აღნიშნა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შს მინისტრმა თავისი ახალი მოადგილეები წარადგინა.
მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გახდება. ხოლო მოადგილეების პოსტებს დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია დაიკავებენ.