შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კობა ცერცვაძე დაინიშნა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, დასრულდა თუ არა გამოძიება "მაესტროს" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერიძის მიერ შეტანილ განცხადებაზე. ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, 2015 წლის 15 სექტემბერს, მის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ "გვერდზე გაიყვანა" და ახსნა-განმარტებები მოთხოვა.
ვაჩიბერიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დრომდე არ არის მისთვის ცნობილი რა გამოიძიეს სამართალდამცავებმა.
"ეტყობა ეს საქმე თაროზე შემოდეს. ჩემთვის ცნობილია ის, რომ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. საქმის შესწავლა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. მათ უნდობლობა გამოვუცხადე, რადგან უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როგორც მოგეხსენებათ, იკვეთებოდა კონკრეტული საქმის დანაშაულის ნიშნები და მოვითხოვეთ ეს საქმე პროკურატურას გამოიძიებია. გენერალურ ინსპექციაშიც გვითხრეს, რომ საქმეს პროკურატურაში გადააგზავნიდნენ. საუბარი იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, რის გამოც მე და ჩემს ადვოკატს გვითხრეს, რომ აღნიშნული საქმე პროკურატურას გადაეგზავნებოდა." – გვითხრა ირაკლი ვაჩიბერაძემ.
"გურია ნიუსმა" გაარკვია, რომ ვაჩიბერაძის და ცერცვაძის საქმეს პროკურატურა არ იძიებდა და ისევ გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა.
"მოვიკითხე და გავარკვიე, რომ ჩვენ არ ვიძიებთ ამ საქმეს. მიმართეთ შსს-ს" – გვითხრეს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი გაგვიცხადეს, რომ პოლიციელების მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
"საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი. ირაკლი ვაჩიბერიძემ კი თქვა, რომ არ ენდობა გენერალურ ინსპექციას, მაგრამ, მას შეეძლო მიემართა პროკურატურისთვის. ვინაიდან ეს წერილი მომართული იყო გენერალური ინსპექციისთვის, მოხდა საქმის შესწავლა. გამოიკითხა ვაჩიბერიძის მიერ დასახელებული ყველა პირი, მათ შორის კობა ცერცვაძე. გენერალურმა ინსპექციამ სრული სამსახურეობრივი შემოწმება ჩაატარა , იმსჯელა ამ საკითხზე და დაადგინა, რომ გადაცდომა პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა." – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.