დღეს, ქალაქ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.
ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ და სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ეკა ნინიძემ საბავშვო ბაღებს ჯგუფებში აუცილებელი ყველა საჭირო ინვენტარი გადასცეს.
საკანცელარიო ნივთებით, საბავშვო ლიტერატურით, სათამაშოებით და სამზარეულო ინვენტარით ქალაქის ყველა ბაღი აღიჭურვა.
ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ ქალაქ ოზურგეთის მე-9 საბავშვო ბაღი მოინახულა, იქ არსებულ ვითარებას გაეცნო და პატარებს საჩუქრები მიუტანა.
,"მოხარული ვარ, რომ სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებებში პატარებისათვის კომფორტული გარემოა შექმნილი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ქალაქის მერია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბაღის გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩეს. გასულ წელს მერიამ N6 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, ხოლო მიმდინარე წელს N4 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი იგეგმება. დღეს ქალაქ ოზურგეთში არსებულ რვა საბავშვო ბაღს ოცი ათასი ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი გადავეცით. ეს არ გახლავთ ერთჯერადი ხასიათის და ქალაქის მერია სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრთან ერთად სისტემატიურად გააგრძელებს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.
ვულოცავ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ,"_ განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
დღეის მდგომარეობით ქალაქში არსებულ რვა საბავშვო ბაღში 1040 აღსაზრდელი ირიცხება.
(R)