დღეს ზესტაფონში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც მასპინძლის სტატუსით მოთამაშე თერჯოლის "საპოვნელა" ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდა.
ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა "გურიამ" შინ 3:0 მოიგო, მაგრამ მეორე წრისთვის, გურულების დარად თერჯოლელებმაც გადაახალისეს და გააძლიერეს შემადგენლობა.
პირობითად მასპინძლისათვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. "საპოვნელა" 8 ქულით ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იყო და 4 ქულით ჩამორჩებოდა დღევანდელ მეტოქეს.
შეხვედრა სტუმართათვის კარგად დაიწყო და საკმაოდ სწრაფად გაიხსნა კიდეც ანგარიში. მე – 14 წუთზე ლანჩხუთელთა კოტდიუარელმა ფორვარდმა, ჟუნიორმა ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმიც ასე მორჩა, მეორეში კი მასპინძელთა მიერ ანგარიშის გათანაბრების მცდელობა ამაო გამოდგა და ბოლოსწინა წუთზე კიდევ ერთმა ლეგიონერმა, "შახტარის" 19 წლამდელთა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, შტანგერმა, შეხვედრას ლოგიკური წერტილი დაუსვა.
ზედიზედ ორჯერ ნათამაშები ფრის შემდგომ, ვიქტორ დემიდოვის მიერ დამოძღვრილმა "გურიამ" მეორე წრეში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მართალია სატურნირო ცხრილში ისევ მე – 13 ადგილზე დარჩა, გასავარდნი ზონის გუნდებს ქულათა სხვაობით უფრო დაშორდა.
გუნდებმა ეს მატჩი ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
გურია – იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი (კილაძე 80), ბენეტი, ნუნიესი, კვეკვესკირი, ზაზულია, გამყრელიძე (როდრიგესი 87), ალავერდაშვილი, მოროზენკო, ჟუნიორი (შტანდერი 64).
საპოვნელა – სომხიშვილი, ჩიკვილაძე, ჭელიძე (ენდელაძე 46), ვაჭარაძე (ბუხაიძე 68), ოდიკაძე, შარიქაძე, კოშკაძე, ბოლქვაძე, მაკარიძე, მიქაბერიძე (ტყეშელაშვილი 46), დვალი.
მსაჯი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)