პოლიტიკურმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილებამ კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტებიც აიძულა დამოუკიდებელი სვლები განახორციელონ საარჩევნოდ. დღეს ცნობილი გახდა ასევე "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილების შესახებაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, მანამდე კი კოალიციის დატოვებას არ აპირებენ.
რომან გოცირიძეს მიაჩნია რომ ოცნება რესპუბლიკელებისა, თავისუფალი დემოკრატებისა და ფორუმის გარეშე ოროსანი მოსწავლეა.
"ოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე. წარმოიდგინეთ მათი სია რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების და ფორუმის გარეშე.
წარმოიდგინეთ? ჰო და ასეთი რამეც წარმოიდგინეთ: ვთქვათ, სიის პირველ ხუთეულს მისცეს წერითი დავალება. მოყოლით არ ითვლება. ლაპარაკი ყველამ ისწავლა. მაგალითად, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ან ტყე შეუნახეთ შვილებსა, ან კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო. შეიძლება ასეთიც: "ბეკონმა თქვა, ცოდნა ძალააო?! ერთი მცოდნე და ფულიანი მაჩვენეთ"?!
ისევ წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მათ ნაშრომები? გრამატიკა ვაპატიოთ. ავიწყდება ხალხს. ფორმასაც არ მივაქციოთ ყურადღება. ყველა პოეტი ხომ ვერ იქნება? მხოლოდ შინაარსით შევაფასოთ.
ბევრი იფიქრებს, რომ ვხუმრობ ან ვაზვიადებ. აი გამოქვეყნდება სია და მაშინ გაიხსენეთ ჩემი სიტყვები"-წერს გოცირიძე.