საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თემაზე პარტია "ქართულ ოცნებაშიც" მსჯელობა არაერთხელ გამართულა.
"ვთვლი, რომ სწორი და სამართლიანია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე. რესპუბლიკური პარტიის განცხადებაც ეხებოდა საარჩევნო გეგმებს, რომლის თანახმადაც ისინი კოალიციისგან დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობის არჩევნებში, ეს ნორმალური პროცესია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან", _ ამბობს კვაჭანტირაძე.
მისივე თქმით, მომავალ არჩევნებზე ჩვენს მიერ დამოუკიდებლად გასვლის განაცხადის მიუხედავად, "რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობის რეჟიმი გრძელდება, ამ ეტაპზე ისინი დარჩებიან მთავრობის შემადგენლობაში.
"მომავალი გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესების განვითარებისა და წინასაარჩევნო დისკურსის გათვალისწინებით იქნება მიღებული. არჩევნებზე პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა, როგორც გითხარით, სრულიად დემოკრატიული პროცესია და გარკვეული თვალსაზრისით შესაძლოა უფრო დადებითად აისახოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ურთიერთობას, ამ საკითხზე საუბარი ცოტა ნაადრევია. წინ გვაქვს არჩევნები, სადაც მთავარია ამომრჩეველმა დააფიქსიროს საკუთარი აზრი სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ვფიქრობ, რომ დღეისთვის კოალიციაში შემავალ პარტიებს გვეყოფა პასუხისმგებლობის გრძნობა და ამ საპარლამენტო ციკლს ერთად დავამთავრებთ, შემდეგ კი დამოუკიდებლად შევთავაზებთ ჩვენს თავს ქართველ ამომრჩეველს და ვინც საბოლოოდ მოხვდება პარლამენტში იქ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ურთიერთმისაღებ ფორმატში", _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.