დღეს დილიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული „ლელოს“ აქტიური სამზადისი მიდის. როგორც წესია, დილიდან შესაბამისი რიტუალით მოხდა წლევანდელი ლელობურთის დამზადება და საბოლოო სახის მიღების შემდეგ ის მოთამაშეებმა საზეიმო მსვლელობით შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს, სადაც ლელოს დაწყებამდე იქნება. ამავდროულად შუხუთის ცენტრში ეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.
ცნობისთვის, ლელო შუხუთში ყოველწლიურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იმართება და ბურთს ტრადიციისამებრ 17 საათზე სოფლის მოძღვარი ააგდებს. გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა სტუმრებთან ერთად დღეს შუხუთში ქვეყნის პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ელოდებიან.