ქალაქ ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჯგუფ "ფრანის" და თორნიკე ყიფიანის კონცერტით დასრულდა. "ფრანის" სოლისტი გაგა ჩიხლაძე კონცერტის დაწყებამდე სცენაზე ხშირად ახსენებდა "ადესას" და "ჩხავერს." კონცერტი 8 საათზე დაიწყო, რამდენიმე სიმღერის შემდეგ გაგა ჩიხლაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სადღეგრძელოთი მიულოცა ოზურგეთელებს და ერთი ჭიქა ღვინოც დალია. მოგვიანებით, სიმღერის დროს მან "ფეისბუქის" ლაივი ჩართო.
" ამ კონცერტის ნახვა ჩვენს "ფეისბუქზე" შეგიძლიათ.. ძალიან მაგრები და აქტიურები ხართ. მომწონს ოზურგეთი. აუცილებლად უნდა ჩამოვიდე სოლო კონცერტით თქვენთან" – თქვა გაგა ჩიხლაძემ. სცენის დატოვებამდე ჯგუფ "ფრანის" სოლისტს კიდევ ორჯერ მოუწია ღვინის დალევა. "როგორც გურიაში იტყვიან: გაშრა ყელი…" – ხუმრობდა მომღერალი.
"ფრანის" შემდეგ სცენაზე თორნიკე ყიფიანი გამოვიდა, რომელმაც მსოფლიო ჰიტები შეასრულა.
"ძალიან ემოციური დღეა. მინდა გითხრათ, რომ ვამაყობ ქართველობით. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, რომ სულ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ" – გვითხრა კონცერტის დასრულების შემდეგ თორნიკე ყიფიანმა.
კონცერტის მსვლელობის დროს სცენაზე ახალგაზრდა მამაკაცები ადიოდნენ და თავიანთ შეყვარებულებს სიყვარულს მიკროფონში უხსნიდნენ. საღამო ფეირვერკით დასრულდა.