საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 20 დღით ადრე, "გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ორგანიზებით, პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდებს შეხვდა და მათ "ქართული ოცნების" მიერ გახორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ესაუბრა.
შეხვედრა, საათნახევრის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და კალაძემ ყველა აქტუალურ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. შესაბამისად, გადაცემა "ა'რჩევანი" განსხვავებული ფორმატით "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ჩაიწერა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაზე ვიმყოფები და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ია მამალაძეს. როდესაც მითხრეს, ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო შესაძლებელი,მაშინვე დავთანხმდი. ყოველთვის მივესალმები ახალგაზრდებთან შეხვედრას, რადგან თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა, ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ქვეყნის განვითარებაში. თქვენი ყოველდღიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების ფერხულში ძალიან მნიშვნელოვანია, _ მიმართა ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს კახი კალაძემ.
კალაძის თქმით, ყველამ უნდა შეიტანოს პატარა წვლილი ქვეყნის მშენებლობაში: _ მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი 8 ოქტომბერს. ხმა მიეცით თქვენ მიერ შერჩეულ პოლიტიკურ ძალას. არ აჩქარდეთ, გაეცანით ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების ხედვას. ნახეთ, რა გეგმები აქვთ, რამდენად რეალური და შესრულებადია ეს ყველაფერი; კარგი ანალიზი გააკეთეთ და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა, _ აღნიშნა კახი კალაძემ ახალგაზრდებთან საუბრისას.
მისივე თქმით, შეუძლებელია ყველა პრობლემის ერთად მოგვარება, თუმცა, ამ პრობლემებზე ყველამ უნდა ისაუბროს: _ მთავარი მონაპოვარი, რაც დღეს გაგვაჩნია, არის თავისუფლება. ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა და რთული ბარიერების გადალახვა მოგვიხდა თავისუფლების მოსაპოვებლად. 25 წელია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მოსახლეობა არ იყო თავისუფალი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს, სწორედ მოსახლეობასთან ერთად მოვახერხეთ გათავისუფლება და ნამდვილად მეამაყება, რომ დღეს, განსხვავებული აზრის, შეხედულებების გამო, ქვეყანაში არავინ იდევნება; მეამაყება, რომ არც ხელკეტებით და არ ქვებით არავის დასდევენ, როგორც 2012 წლამდე იყო. ჩემს თავზე მაქვს განცდილი, თუ რამდენად მძიმე იყო ის რეპრესიები, რომელსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირების მიმართ. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ამ ძვირფას მონაპოვარს, რომლისთვისაც ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, ვერავინ ვერასდროს ვერ შეეხება და ამას იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თანადგომაში, _ განაცხადა კახი კალაძემ.
პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა მთავრობის მიერ გახორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მომავალშიც გაგრძელდება:
_ 20-25 წლის განმავლობაში არ დამუშავებულა იმდენი მიწა, რაც ამ ოთხ წელიწადში. ეს იმის დამსახურებაა, რომ ხვნა-თესვა უფასო იყო. ამის ფასი იციან რეგიონებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა. იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და დახმარება. ეს მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენი პრიორიტეტია, სოფლად მცხოვრები გლეხი გავაძლიეროთ, ფეხზე დავაყენოთ, რადგან ძლიერი რაიონები ძლიერი ქალაქებია, ძლიერი ქალაქები კი ძლიერი საქართველოა. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანადგომა და ხელშეწყობაა და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
კალაძე ჯანდაცვის, ენერგეტიკის და განათლების სფეროებშიც გახორციელებულ პროექტებსაც შეეხო: _ სამწუხაროდ, საქართველოში 200 000 ადამიანი არის ც ჰეპატიტით დაავადებული. 10 000 ადამიანის დახმარება მოხერხდა _ ისინი სრულად განიკურნენ და დარწმუნებულები ვართ, რომ 4 წლის თავზე ყველა, ვისაც ეს დაავადება აწუხებს, გამოჯანმრთელდება. დაახლოებით 2 მილიარდი ლარი ჯდება ამ პროგრამის და პროექტის გახორციელება, რაშიც აშშ მთავრობაც გვეხმარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიმართულება _ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ ურიგდებათ და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ბაგა-ბაღებში სწავლა უფასო გავხადეთ და ამის დამსახურებაა, რომ სამმაგად გაიზარდა ბავშვების რაოდენობა ბაგა-ბაღებში, რადგან ზოგ ოჯახს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, ბავშვებისთვის ყოველთვიურად გადაეხადა 10-15 ლარი. ასევე, დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება როგორც ბაგა ბაღებში, ასევე სკოლებში. 4 წლის განმავლობაში 300-ზე მეტი სკოლა და ბაგა-ბაღია რეაბილიტირებული და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში არ გვექნება თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სკოლები და ბაგა-ბაღები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 21 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი _ თქვენ გყავთ ძალიან მაგარი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავას სახით, რომელსაც აქვს, შეიძლება ითქვას, რევოლუციური გეგმები, რაც აუცილებლად გახორციელდება, _ აღნიშნა კალაძემ ახალგაზრდებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული განათლების მიმართულებით ყურადღების გამახვილება, რაზეც ხელისუფლება აქტიურად მუშაობას: _ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და შემიძლია გითხრათ, რომ მასშტაბური პროექტების გახორციელების დროს _ ჰიდროელექტრო სადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დროს, სპეციალისტების ჩამოყვანა უცხოეთიდან გვიწევდა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სპეციალისტები კონკრეტული დარგების მიმართულებით და ვფიქრობ, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა და წინსვლა იმ პროგრამის გახორციელებით, რომელიც განათლების დარგში ბატონ ჯეჯელავას აქვს წარმოდგენილი.
სტუმარმა პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება მნიშვნელოვანია: _ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, უნდა შევძლოთ, რომ პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში ავიყვანოთ ახალ სტანდარტებზე, ახალ საფეხურებზე, რადგან შეუძლებელი და გაუსაძლისია იმის ყურება, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება. ალბათ, ხედავთ, რომ დებატების მიმდინარეობისას არც ეთიკას იცავენ და არც _ ზრდილობას. ვინც უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს ერთმანეთს, ის არის გამარჯვებული. ამით დაიღალა საზოგადოება. ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ვიყოთ კონსტრუქციულები, უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთს პროგრამებით შევეჯიბროთ. მჯერა, რომ ამას, მოქალაქეებთან ერთად და ახალგაზრდების ჩართულობით, აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ.
კალაძემ ქვეყნის საგარეო კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით დიდი წარმატება გვაქვს: _ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპაში. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი და პატარა ბავშვივით მიხარია, ველოდები ამ დღეს. ჩვენ არ ვართ ევროპული ქვეყანა _ ჩვენ ვართ ევროპა, ევროპული მენტალიტეტის საზოგადოება ძლიერი ტრადიციებით და ჩვენი კულტურით, _ თქვა კალაძემ და დასძინა, რომ ეს წარმატება მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურება არ არის: _ ამაში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული, ყველა მთავრობამ გარკვეული წვლილი შეიტანა და მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურება არაა, რომ ჩვენ ხვალ, ზეგ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროპაში _ ეს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის დამსახურებაა, _აღნიშნა კალაძემ და ენერგეტიკის სფეროში გახორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა:
_ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება გახორციელებული ბოლო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, რომ უახლოეს საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. იმ პროექტების საშუალებით, რომელიც დავიწყეთ და რომელიც მიმდინარეობს ახლაც, გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პროდუქტი იყოს ექსპორტზე ორიენტირებული _ ანუ ჩვენ შეგვეძლება დამუშავებული ელექტროენერგია გამოვიყენოთ, როგორც ქვეყანაში, ასევე, ქვეყნის გარეთაც. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, _ განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავრობას ამბიციური ინფასტრუქტურული გეგმები აქვს:
_ მოგვიწევს დღე და ღამე მუშაობა იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წარმოდგენილი, გახორციელდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევასრულებთ და 2020 წლისთვის გვექნება დასრულებული ავტობანები, მოასფალტებული გზები, რომლებიც ქალაქებში და სოფლებში მიგიყვანთ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ წელს დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას _ ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. გვაქვს სერიოზული შესაძლებლობა _ გვაქვს ზღვა, მთა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კურორტები განვითარდეს და შესაბამისად, ქვეყანა განვითარდეს. თუმცა, აქაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სიმშვიდე და სტაბილურობაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან, _ აღნიშნა კალაძემ.
კახი კალაძემ ტურიზმის განვითარებაზე უფრო დეტალურად დარბაზში დასმული შეკითხვის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაა: _ არ არის წყალი, გაზი, განათება _ ეს არის ის ელემენტარული დეტალები, რომელიც სწრაფად უნდა მოვაგვაროთ. ბახმაროს ელექტროფიცირებას ვგეგმავთ. გაზიფიცირებაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან მაღალმთიანია და ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რა თანხებზე იქნება საუბარი. თუმცა, ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით არ გვექნება არანაირი პრობლემა. ზოგადად ჩვენ გვაქვს პროექტი, რომ საქართველოში არც ერთი სოფელი, არც ერთი თემი, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე. ამ ოთხი წლის განმავლობაში, 32 უშუქო სოფელი გავანათეთ, რომელსაც 20-25 წლის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, _ თქვა კალაძემ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, რატომ შეჩერდა გურიაში გაზიფიცირების პროექტები მაშინ, როცა ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში 16 432 აბონენტის გაზიფიცირება მოხდა, კიდევ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს და ხომ არ ნიშნავს იმას, რომ იგი მშობლიურ მუნიციპალიტეტს ლობირებს, კალაძემ გვიპასუხა, რომ გაზიფიცირების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება:
_ სამტრედიის რაიონი იყო ყველაზე ჩამორჩენილი გაზიფიცირების კუთხით _ საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია წინა ხელისუფლებას. ჩვენ ვცდილობთ, პირველ რიგში ისეთ რაიონებში დავასრულოთ ეს პროცესი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გაყვანილია და სამუშაოების შესრულება ნაკლები ჯდება. გასულ წელს ჩვენ მოვახდინეთ საუკუპაციო ხაზთან მდებარე 85 სოფლის გაზიფიცირება სრულიად უფასოდ. დამერწმუნებით ალბათ, რომ იქ მცხოვრები ადამიანები გმირები არიან და მათ ეს პირველ რიგში ეკუთვნით. რაც შეეხება გურიას _ 2017 წელს რამდენიმე სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი და ეს ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე დევს. ორი მიმართულებით ვახორციელებთ სამუშაოებს _ ამ კუთხით მუშაობს "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" და "კომპანია "სოკარი", _ აღნიშნა კალაძემ.
_ ბატონო კახი, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიული სიების შედგენაში თქვენ და გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდით. აღნიშნა ისიც, რომ რამდენიმე კანდიდატზე რეკომენდაცია მოგცათ, თუმცა, მხოლოდ ორი გაითვალისწინეთ… ხშირად ხდება, რომ ივანიშვილის აზრებს არ ითვალისწინებთ?
_ კონკრეტული სიების შედგენისას გადაწყვეტილებებს მარტო მე და პრემიერი არ ვიღებთ _ პარტიას ჰყავს პოლიტსაბჭო. ჩვენ ვართ გუნდი, სადაც ხდება ყველა საკითხის გავლა _ მათ შორის პარტიული სიების, მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობის. უამრავი კვლევა და გამოკითხვა ჩატარდა იმისთვის, გაგვეგო კონკრეტულ რაიონში თუ სოფელში მოსახლეობის დამოკიდებულება იმ კანდიდატზე, რომლის დაყენებასაც ვაპირებდით. ზუსტად ამ გამოკითხვების შედეგად შევარჩიეთ კანდიდატურები და მივიღეთ გადაწყვეტილება. რაც შეეხება ბატონ ბიძინას, იყო რამდენიმე შემთხვევა _ ამას არ დავმალავ, რომ მისი მხრიდან წარმოდგენილი რამდენიმე რეკომენდაცია არ გავითვალისწინეთ, რადგან განხლვის დროს იყო სხვა, უკეთესი კანდიდატურა და მათზე გაკეთდა აქცენტი, _ აღნიშნა კალაძემ.
გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ნახოთ აქ.
"Post ალიონის" და "გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტი "ა’რჩევანი: "არ იქნება წინსვლა, თუ დაგვეზარა მისვლა!"
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.