საჯარო კომუნიკაცია “რესპუბლიკელებსა“ და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობების გარშემო გრძელდება.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პარტიის პირველი ნომრის დავით უსუფაშვილის მიერ გასაჯაროებული წერილის შესახებ ამბობს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ავალებდა, სთხოვდა და აინტერესებდა ჩვენთან ერთად საქმეების კეთება.
„არ ვიცი, რატომ აიკვიატა ეს ამბავი, მაგრამ ამ დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს, სინამდვილეში როგორი ურთიერთობები იყო. იყო პარტნიორული ურთიერთობები, იყო მცდელობა მათი მხრიდან "რესპუბლიკელების" და "ქართული ოცნების" ორპარტიული კოალიციის შექმნის, თუმცა, სხვებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ღერძი პარტიები ეს იქნებოდა. ამის შესახებ, როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მე "რესპუბლიკელებს" როგორ დავავალებდი რამეს, არის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ დიახ, ავალებდა, სთხოვდა, აინტერესებდა ჩვენთან ერთად საქმეების კეთება და გაუკეთებია ადრე. ახლა რატომ ტყუის, არ ვიცი. დოკუმენტებთან ბრძოლა ძნელია“, _ აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.