ამიერიდან ყველა ავტობუსის მძღოლი ხაზზე გასვლამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, _ ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ ”პალიტრა ნიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში ისაუბრა ორი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე _ როცა ავტობუსი სასტუმროს ტერიტორიაზე შევარდა და როცა მძღოლს ინფარქტი მოუვიდა.
”დედაქალაქში ასეთი მასშტაბის შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. პირველი შემთხვევა, როცა ავტობუსი შევარდა სასტუმროში. ჩვენ იქ ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ და ყველა მგზავრს მივხედეთ. მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, დაზარალებულების მკურნალობა თავის თავზე აიღო. რაც შეეხება ავტობუსს, ის ტექნიკურად გამართული იყო. არსებობს რეგლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არის მოძველებული, ის ხაზზე ვერ გამოვა, თუ არ შემოწმდა. ტექნიკოსი ამოწმებს ავტობუსს და გადის მარშრუტზე. ავტობუსი, რომელიც მზად არ არის მგზავრების მომსახურებისთვის, იბლოკება, ჩერდება და შესაბამის პროცედურას გადის. სასტუმროზე შეჯახების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ავტობუსი გამართული იყო. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, როცა მძღოლს ინფარქტი მოუვიდა, მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ საკითხი და დამტკიცდა, რომ ამიერიდან მძღოლებს ექიმები შეამოწმებენ. სამი ბაზა გვაქვს სულ და სამივეში გვეყოლება ექიმი, რომლებიც რეისში გასვლამდე ყველა მძღოლს შეამოწმებენ”, _ აღნიშნა მუმლაძემ.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების მიერ განხორციელებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს, მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების მძღოლების კონტროლი დაიწყოს.