ძიმითის საარჩევნო უბანზე "გურია ნიუსის'" გადამღები ჯგუფი მაშინ მივიდა, როცა კაბინაში ორი ამომრჩეველი ერთად იმყოფებოდა.
ჩვენს მიერ ფაქტის დაფიქსირებამ კომისიის თავმჯდომარე გააღიზიანა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ გადაღების უფლება არ გვქონდა. მით უმეტეს ფარულად! თუმცა, როგორ ვიღებდით ფარულად, როცა კამერაც გვქონდა და ფოტოაპარატიც ვერ აგვიხსნეს. როგორც კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ამტკიცებდა, ჯერ უნდა გვეკითხა რა ხდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვეწყო ფოტოგადაღება.
"გთხოვთ არ გეწყინოთ. ცოტა ხნის წინ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იყო მოსული და თავმჯდომარეს და წევრებს რიგი დარღვევების გამო შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ გაღიზიანებულია კომისიის თავმჯდომარე", _ კომიკური სიტუაციის განმუხტვას შეეცადა საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მიუხედავად მონდომებისა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ კანონში ვერ იპოვა ჩანაწერი, რომელიც მედიას, საარჩევნო უბნის კარებთან ფოტოგადაღებას უკრძალავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიის თავმჯდომარეს და მოადგილეს "დამცველებიც" გამოუჩდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ფარულ გადაღებას ტელეფონითაც ვახორციელებდით და კანონს ვარღვევდით.
თხოვნის მიუხედავად ჩვენს მიერ დარღვეული კანონი ვერავინ დაგვისახელა.