დღეს, ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მამა-შვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, საქმე აღძრულია სსკ-ის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მამა-შვილს 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საბურთალოს მე-6 ოლქში, ჯერ აიძულეს მამუკა კურტანიძე საარჩევნო უბანი დაეტოვებინა, შემდეგ კი მამასთან ერთად ირაკლი კურტანიძესთან, როდესაც საკუთარ სახლთან მივიდა, მათ თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე მანქანით გადაადგილდებოდნენ. 4 მანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 20-მდე პირი და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და იმედია ამას რეაგირება მოჰყვება. მე მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მაქსიმალურად ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს. ჩვენ ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.