10 ოქტომბერი მეტყევეს დღეა _ მეტყევის პროფესიული დღე ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ აღინიშნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ, სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ტყის მცველებს სიგელები გადასცეს. ღონისძიების მიზანი დარგის პოპულარიზაცია, თანამშრომლების წახალისება, მეტყევეთა პროფესიული ზრდა და ახალი კადრების მომზადების ხელშეწყობაა.
მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო, სადაც პრაქტიკოსმა მეტყევეებმა მეტყევის დანიშნულებაზე და საქმიანობის სპეციფიკაზე ისაუბრეს. გაიმართა საჩვენებელი აქტივობები, რომელშიც მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მათ სიმბოლური სიგელები გადაეცათ.
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას.
ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.