“განსაკუთრებით ამაყი ვარ ქალაქ ოზურგეთში მიღებული შედეგებით. პარტიამ "ქართული ოცნება’’ და ჩვენმა კანდიდატმა ყველაზე მაღალი შედეგი სწორედ აქ აჩვენეს და ქალაქი ოზურგეთი მთელ მუნიციპალიტეტში გამარჯვების ქვაკუთხედი გახდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ‘’ქართული ოცნება’’, თქვენი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე და მე, თქვენი ქალაქის მერი ჩვენს გუნდთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი საერთო მომავლის ერთად შენებას“, _ აღნიშნული განცხადება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა და არჩილ თალაკვაძის შტაბის ხელმძღვანელმა ბეგლარ სიორიძემ სოციალურ ქსელში გააკეთა, სადაც ის მადლობას უხდის თითოეულ შტაბის წევრს, თავის გუნდს და ამომრჩეველს:
“ოზურგეთელებმა ჩვენი დაუღალავი შრომა სწორად შეაფასეს და არჩევნებზე ღირსეული მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს“, _ წერს სიორიძე .
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ქალაქ ოზურგეთის მერის მიერ გაკეთებულს განცხადებას არასერიოზულს უწოდებს:
“მე არ წამიკითხავს ამის შესახებ და თუ ეს დაწერა შტაბის უფროსმა მინდა გითხრათ, რომ ეს არის არასერიოზული განცხადება, გამომდინარე იქედან, რომ ბატონი ბეგი იყო ერთიანი შტაბის ხელმძღვანელი და არა მარტო ქალაქის, შესაბამისად, 13 უბანსა და 49 უბანს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ასევე, მე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კოორდინატორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა ამ საერთო გამარჯვებისთვის და იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ამ შტაბის ქვეშ, სადაც ყველამ ერთად დავდეთ ის სასურველი შედეგი, რომელმაც საერთო გამარჯვება მოუტანა ოზურგეთს. სამწუხაროდ, ორ სოფელში რამდენიმე ხმა დააკლდა 50 პროცენტს, ამას ძალიან დიდი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს საერთო შედეგზე. მეტსაც გეტყვით, იმ ექვს სოფელს, რომელსაც მეორე ტური აქვს ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ამჯერად მათ ძალიან დიდი შედეგები დადეს, შესაბამისად, იგივე შტაბის ხელმძღვანელი აგრძელებს მათთან მუშაობას, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არარეალურია და დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს განცხადება არ გაუკეთებია“, _ამბობს ჭანუყვაძე.