"მომხრე ვარ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა" _ ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ძალიან ბევრ ევროპელ ექსპერტთან ჰქონდა:
"არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია, რომელიც ხშირად იყო დამახინჯებული. უბრალოდ ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს.
ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. რაშია განსხვავება მაშინ ჩვენს პოზიციასა და ზოგიერთი იმ ჯგუფების პოზიციასს შორის, რომლებიც ამ საკითხის ასე ვთქვათ, აჟიტირებას ახდენენ, აქტუალიზაციას. ვფიქრობ, დიდი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგნი ვართ. არც ერთი საერთაშორისო კონვენციით ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული.
პასუხისმგებელი ვარ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია, მაშინ რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპაში სჭირდებათ ის საქართველო, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები, სწორედ ასეთი საქართველო სჭირდება ევროპას, ასეთი საქართველოა ღირებული ევროპისთვის. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.