ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას დოლარში აღებული სესხის ეროვნულ ვალუტაში გადაყვანის შესახებ, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" უპასუხა. მისი თქმით, არაკვალიფიციური ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებები, გაცილებით ნეგატიურად აისახება, ვიდრე სხვა პროცესები.
”ჰეჯირება ლარზე მეტად მთავრობას სჭირდება. მთავრობის მხრიდან, არაკვალიფიციური ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებები გაცილებით ნეგატიურად აისახება, ვიდრე სხვა პროცესები. ვიცე-პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადება მიჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას პრობლემა აქვს ეკონომიკურ გუნდში. რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას ეხება, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მთავრობამ ხალხს უთხრა, რომ მე თქვენ გაგირთულებთ დოლარში სესხის აღებას, სამაგიეროდ ლარში გაგიძვირდებათ სესხის აღება. რეალურად, ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ ლარში სესხის აღება გაძვირდება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კერძო ბანკებს ლარის გრძელვადიანი რესურსები არ გააჩნიათ. მათ მიერ ლარის მოზიდვის ერთადერთი შესაძლებლობა იქნება, ბაზარზე გაზარდონ პროცენტი ლართან მიმართებით. არსებულ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალი არის ეკონომიკის განვითარების კუთხით სწრაფი რეფორმების გატარება. თუ გვსურს ლარის კურსი დასტაბილურდეს და კლება აისახოს, ამისათვის საჭიროა მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში”, _ განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.