"ეს არის რეზონანსული საქმე და ძალიან მგრძნობიარე საკითხი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს. მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე – გამოძიების გაგრძელება" _ განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლება პატრიარქს ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გაუფრთხილდა:
"საქართველოს ეკლესიის, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციისადმი ნდობის შენარჩუნებისა და ჩვენთვის ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ, თავი შევიკავოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ასევე, ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, ამის პასუხად ჩვენ საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლების და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და, მე ვიტყოდი, არაადეკვატური რეაქცია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობას და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით პატრიარქს, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვეყნებისგან.
სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც კი, ჩვენ თავი შევიკავეთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს" _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.