ლანჩხუთის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელება იგეგმება, _ ამის შესახებ განცხადება გურიის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბოლქვაძემ გააკეთა საკრებულოს წევრებთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და ლანჩხუთის ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ლანჩხუთის ცენტრში სარემონტო სამუშაოებს ფონდი "ქართუ" განახორციელებს.
ბოლქვაძის ინფორმაციით, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში სარემონტო სამუშაოები, დაახლოებით, თვენახევარში დაიწყება და წლის ბოლოსთვის დასრულდება. გარემონტდება შენობის მეორე სართული, სადაც მოეწყობა სამეანო-საოპერაციო, ახალშობილის რეანიმაციის, ქირურგიის, გასტეროსკოპიის, პოსტოპერაციული და სხვა საჭირო კაბინეტები.
სტაციონარი 20 საწოლზე იქნება გათვლილი. მოეწყობა გათბობისა და კონდიცირების თანამედროვე სისტემა.
შეხვედრის დასასრულს, შეხვედრაზე მყოფებმა წარმოდგენილ პროექტს სიმბოლურად ხელი მოაწერეს.