აღნიშნული ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დვაბზუში, ცხემლისხიდში, მელექედურში, სოფელ ოზურგეთში, ბახვშია გადაღებული.
მოსახლეობა “გურია ნიუსს“ დახმარებას და ინფორმაციის გაშუქებას სთხოვდა. მათი განცახდებით სოფლებში ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდათ, ქალაქთან ახლომდებარე სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობდა.
პრობლემები იყო სოფელ ჭანიეთშიც.
დიდთოვლობის გამო, სოფლებში ცენტრალურ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებსაც ჰქონდათ ადგილი.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებდნენ, რომ სოფლებში გზები წუხელს მერე ინტენსიურად იწმინდებოდა:
“ორდღიანი გადაუდებელი თოვის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. თოვლის საფარმა რიგ სოფლებში 70 სანტიმეტრს მიაღწია. გზების გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია 10 ერთეული ტექნიკა, რომელიც პრობლემურ ადგილებს თოვლის საფარისგან ასუფთავებს. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და პროცესს პირადად აკონტროლებს.
რამდენიმე სოფელში თოვლის საფარმა მაღალი ძაბვის სადენები დააზიანა, შედეგად რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეუწყდა. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 4 სოფელს: მთისპირი, ასკანა, ვაკიჯვარი, შემოქმედი. ენერგო-პრო ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის ტექნიკური ჯგუფი აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მუნიციპალური ტექნიკა გზების წმენდას ეტაპობრივად ახორციელებს.
სოფლებში გზების წმენდა მიმდინარეობდა ღამის განმავლობაში, რომელიც დღეს დილიდან განახლდა. ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად გადაადგილების პრობლემა სოფლების უმეტეს ნაწილში მოხსნილია. ცენტრალურ გზებზე გადაადგილების პრობლემა აღარ დგას, თუმცა პრობლემებია შიდა საუბნო გზებზე, რომელსაც ეტაპობრივად ვაგვარებთ. რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრომომარაგება. აღდგენითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც განხორციელდა. სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მოსალოდნელი უამინდობის გამო მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს", _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.