ვფიქრობ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე უკონტროლოდ, აბსოლუტურად ყოველგვარი რეგულაციის გარეშე გასხვისების დაშვება, საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვის საგანია, თუმცა საბოლოო ფორმულირება, თუ როგორი ჩანაწერი შეიძლება გაკეთდეს კონსტიტუციაში, ჯერ შეჯერებული არ არის.
“კომისიაში გამოიკვეთა პოზიცია, რომ კონსტიტუციაში პრინციპის დონეზე ჩანაწერის არსებობა მიზანშეწონილი იქნება, თუმცა ის თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს – კონკრეტულ ფორმულირებაზე შეჯერება არ მომხდარა. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება, თუმცა პრობლემა, რომელიც უცხოელებზე მიწების გასხვისების აბსოლუტურად შეუზღუდავ სივრცეს უკავშირდება, კონსტიტუციის დონეზე შებოჭილი იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფაგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის საკუთრების რეგისტრაციის კონსტიტუციით შეზღუდვის ინიციატივაა. ამ მიმართულებით კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი კომისიას “გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ წარუდგინა.
უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის საკონსტიტუციო ინიციატივას სახელმწიფო კომისიას ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებიც“ სთავაზობს.
პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.