საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. განცხადება ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, დღეს ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ყრილობაზე სკაიპით ჩართვისას გააკეთა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავას და აღნიშნა, რომ პარტია წევრი ქალების ენთუზიაზმზე დგას.
სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თეა ბურჯალიანი გაიხსენა.
„სირცხვილია, რომ თიკოს უხდება მთელ მსოფლიოში სიარული, პრაქტიკულად ვერ ჩამოდის საქართველოში. მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო კლასის იურისტი, კვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ცარიელი ხელებით მოუგო რუსეთს რამდენიმე სარჩელი საერთაშორისო სასამართლოებში. პრაქტიკულად, ხელოვნურად შეწყვიტეს გამოძიება მაგალითად, ჰააგის სარჩელებზე, რომ იქნებ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს ჰააგის სასამართლოში და ა.შ. ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ. არსებობს თიკო ბურჯალიანი – საქართველოსთვის დამშვრალი და მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავისზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც რატომღაც მთელ მსოფლიოზე გაბრაზებას საქართველოზე იძიებს შურს თავის პატრონთან ერთად“, – განაცხადა სააკაშვილმა.