სირიაში, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, კოალიციურმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საწყობზე, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა, ავიაიერიში მიიტანეს, _ აღნიშნულ ინფორმაციას სირიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, გარდაცვლილია ასეულობით ტერორისტი და მშვიდობიანი მოქალაქე.
ავიაიერიში გუშინ 17:30 – 17:50 საათებს შორის განხორციელდა. სირიის გენშტაბის ცნობით, იერიშის ტერიტორიაზე წარმოიქმნა კვამლის თეთრი ღრუბელი, რომელიც მოგვიანებით გაყვითლდა, რაც ტერორისტების საწყობში დიდი ოდენობით ქიმიური იარაღის არსებობაზე მიუთითებს. გენშტაბი აქვე დასძენს, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს არ ფლობს.