გორში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვაზე გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის უფლება-მოსილებებსა და პრეზიდენტის არჩევის წესზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება
მისი განცხადებით, ქართულ ოცნებას პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დადებითი მხარის წარმოსაჩენად, სწორი არ არგუმენტები არ აქვს. მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი, პირდაპირი იქნება ეს თუ არაპირდაპირი, ორივე დემოკრატიულია.
“ერთი წინაპირობაა – საქართველოში ეს უკვე ტრადიციაა. როგორ არის ის? – შეჩვეულს ნუ გადამაჩვევო, თუ რაღაც? – ეგრეა რა. ამას რომ ცვლი, ამიხსენი, რატომ. იმას ნუ მეტყვი, რომ შენაო, ვიღაც სულელი არ აირჩიოო, ამას ნუ მაკადრებ. სხვანაირად ამიხსენი, სხვა სიტყვებით ამიხსენი და ნუ გამოიყვან ისე, რომ ვიღაც ოდიოზური, სულელი, ავანტიურისტი არ ავირჩიოთ. სხვანაირად ამიხსენი და დამიმტკიცე, ოღონდ შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ, რომ სულელის არჩევანი ვარ მე და შენი 300 ხმოსანი კიდევ სულელს არ აირჩევს. ამას ნუ მაკადრებ, სხვანაირად ამიხსენი, რატომ არ უნდა ავირჩიო პრეზიდენტი. ორივე დემოკრატიულია, მაგრამ ახსნასაც თავისი ლაზათი აქვს”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტისთვის მთავარსარდლის ფუნქციის ქონას, მარგველაშვილი ამბობს, რომ ქართველ ჯარისკაცს “მთავარსარდალი არ უნდა მოუშალო”
“ქართველ ჯარისკაცს წინ უდგას ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ჯარისკაცს მთავარსარდალი არ უნდა მოუშალო. საუბარი მაქვს არა იმ მთავარსარდალზე, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, რომელიც თან მთავარსარდალია და თან ომის გამოცხადებაზე საბუთს რომ მიუტანენ – უფლებაც არ აქვს ხელი არ მოაწეროს, არამედ რეალურ მთავარსარდალზე. ამ მთავარსარდალს სჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა, ეს ზეპარტიული თემაა“, _ განაცხადა პრეზიდენტმა.