მუსიკა არა მარტო ესთეტიკური სიამოვნებაა, არამედ ემოციებისა და გარშემო მყოფთა გუნება-განწყობილების აღქმის უნარი. მუსიკა უვითარებს ადამიანს ნებისყოფას, მიზანდასახულობას, მოთმინებას.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, აზიარონ პატარა მუსიკას. იმ ბავშვებს, რომლებიც რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობენ, არ ექმნებათ სივრცეში ორიენტაციის პრობლემები. მუსიკალურ ინსტრუმენტთან მეცადინეობა პატარას უვითარებს მოტორიკას, ხელების მოძრაობა უფრო ორგანიზებული ხდება, რაც მთავარია, მუსიკა მათ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.
მუსიკა ასწავლის პატარას აღიქვას და გადმოსცეს გაგონილი, რაც ხელს შეუწყობს, ადვილად დაწეროს ის, რასაც მოისმენს ან ლაპარაკობს, დაეხმარება მათემატიკის შესწავლაში, უუმჯობესებს ყურადღებასა და მეხსიერებას, აბსტრაქტულ, ასოციალურ და ლოგიკურ აზროვნებას.
სპეციალისტების აზრით, ბავშვის 6-7 წლამდე ადრე მუსიკალურ სკოლაში შეყვანა არარეკომენდებულია, მაგრამ სამაგიეროდ, აუცილებელია, ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიოთ სიმღერისა და მელოდიის მოსმენას. პატარა, რომელიც იწყებს ლაპარაკს, სიამოვნებით ჰბაძავს მოსმენილ მელოდიას და უფროსების ხმას, რაც ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას.
პატარებს ძალიან უყვართ, როდესაც მუსიკას ჰყვებიან, მოძრაობენ, ფეხებს აბაკუნებენ და უკრავენ ტაშს, ეს კი მათ უვითარებს რიტმის გრძნობასა და უუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციას. მშობლებს შეუძლიათ შესთავაზონ პატარას ინსტრუმენტის დახმარებით გამოიცნოს აჩქარებული და შენელებული მელოდია, რა ბგერებს გამოსცემენ მოჭიკჭიკე ჩიტები, ან მობაჯბაჯე დათვი, როგორ დახტის კურდღელი და ა.შ.
შეიძლება პატარა არ ისწრაფვის შეეხოს ინსტრუმენტს, მაინც შეეცადეთ, კარგი მუსიკა ესმოდეს, ატარეთ კონცერტებზე, მოასმენინეთ სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები, იცეკვეთ მასთან ერთად, შეთხზეთ სიმღერები და ცეკვები.
შესაძლებელია თქვენს პატარას დროთა განმავლობაში აღმოაჩნდეს უნიკალური მუსიკალური შესაძლებლობები და მუსიკის საოცარ სამყაროში უცხო არ დარჩეს.